logo
ENG



"როცა მოგვიხმობს პარტია" - პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს პროტესტის ფონზე უსმენენ

21 დეკ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

ერთპარტიულ პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. პარალელურად შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ჩართულია საბჭოთა კანტატა "როცა მოგვიხმობს პარტია". 

აქტივისტები, რომლებსაც რამდენიმე კვირაა, პარლამენტთან კარავი აქვთ გაშლილი, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 

მათი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი კომუნიზმია, რასაც ისინი საქართველოში არ დაუშვებენ. 

აქტივისტებმა რკინის დროებით ღობეზე სცადეს, გაეკრათ გაყალბებული ოქმები წარწერით 41, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. 

"გაყალბებული ოქმები სიმბოლური რიცხვით 41 ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა. ეს არ უნდა დავივიწყოთ და ყოველდღიურ რეჟიმში საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ყველა ბოროტების, სიღარიბის, უსამართლობის თავი და თავი არის გაყალბებული არჩევნები. აქედან იწყება დიქტატურა, აქედან იწყება უსამართლობა. ამ პარლამენტის შენობა არის ცეკას შენობა, ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ 8 არის. ყველა მათგანი დიქტატურაა და საქართველოც შეემატა ამ ჩამონათვალს. მაგრამ ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა". - თქვა საზოგადოება 2020-ის წარმომადგენელმა, გიორგი მუმლაძემ. 

X მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნებაა წარმოდგენილი. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. მათმა უმეტესმა ნაწილმა საარჩევნო სიების რეგისტრაცია გააუქმა და მანდატებზეც უარი თქვა. 

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რამდენიმე მოთხოვნას აყენებს: 

ხელახალი არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 


close დახურვა